დღეს საქართველოში აღინიშნება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული!

 

„მშვიდობა თქვენთანა“, - პირველად ამ სიტყვებით აკურთხა აღდგომილმა მაცხოვარმა თვისი მოწაფენი. ამ სიტყვებითვე მიმართავს იგი დღეს მთელ კაცობრიობას, ბოროტების წყვდიადში, ომისა და ძალადობის მორევში დანთქმულ თითოეულ ჩვენგანს. და თუ შენ ქრისტიანი ხარ, გახსენ გულის კარი და იგრძნობ, უფლის ეს დალოცვა, როგორ უწამლებს შენი სულის შეუხორცებელ, ღია ჭრილობებს.

 

დიდ შაბათს ქრისტეს მოწაფეები და ახლობლები გლოვობდნენ ჯვარცმულს. თავად ჯვარცმული კი ჯოჯოხეთში ჩავიდა და ახლა იქ იქადაგა, რათა ადამიანთა მთელი მოდგმა-წარსულნი, თანამედროვენი და მომავალნი-თავის საფარველქვეშ აეყვანა. რადგანაც უწმიდეს მსხვერპლშეწირვამდე დახშული იყო კარნი სამოთხისანი, მართალთა სულებსაც ჯოჯოხეთი იღებდა თავის წიაღში. მაგრამ მიწიერ ცხოვრებაში ღვთის სიყვარულით მავალნი მუდამ სასოებდნენ უფალს, რომელმაც აღუთქვა თავის ქმნილებას, რომ უდიდეს მსხვერპლს გაიღებდა გამოსახსნელად. მართალნი ჯოჯოხეთშიც მოელოდნენ მხსნელს. ჰოდა, ქრისტემ იქადაგა იქ, სადაც "ტირილია და ღრჭენა კბილთა", რათა მისი მომლოდინე და მსასოებელი მართალთა სულნიც ეხსნა და ჯოჯოხეთი წარმოეტყვევნა.

კვირა დილით მენელსაცხებლე დედანი - მარიამ მაგდალინელი, მარიამ იაკობისი, იოანნა და სალომე - ქრისტეს საფლავისაკენ გაეშურნენ, რათა ქრისტესთვის უკანასკნელი პატივი მიეგოთ და ნელსაცხებელი ეცხოთ მისთვის. მოძღვრის სიყვარულმა განაქარვა საფლავთან დაყენებული რომაელი ჯარისკაცების შიში, რომელთაც ნაბრძანები ჰქონდათ, ყველა მოეკლათ, ვინც კი მიახლოებას გაბედავდა.  ერთადერთი აწუხებდათ მხოლოდ: "ვინ გარდაგვიგორვოს ჩუენ ლოდი იგი კარისა მისგან საფლავსა?" (მარკოზი, 16, 3). მაგრამ ამ დროს "ძრვაი იყო დიდი", რადგანაც უფლის ანგელოზი გარდამოხდა ზეცით, გადააგორა ლოდი და დაჯდა მასზე. სამოსელი მისი თოვლივით სპეტაკი იყო და ელვასავით ბრწყინავდა ზეციური მაცნე. მისი ხილვით თავზარდაცემული მცველები მკვდრებივით დაემხვნენ მიწაზე. ანგელოზმა კი ამცნო დედებს, რომ იგი, ვისაც ისინი ეძიებდნენ, "აღდგა, ვითარცა თქუა" (მათე, 28, 6). "არამედ წარვედით და უთხართ მოწაფეთა მისთა და პეტრეს" (მარკოზი, 16, 6). შეშინებულები გამოიქცნენ დედები და არავის უთხრეს ეს ამბავი. მხოლოდ მარიამ მაგდალინელი არ წასულა არსად - იდგა საფლავთან და ტიროდა. ცრემლებით სავსემ შეიხედა საფლავში და დაინახა ორი ნათლით მოსილი ანგელოზი. მათ ჰკითხეს ტირილის მიზეზი, მარიამმა კი უპასუხა: "აღიღეს უფალი ჩემი საფლავით, და არა უწყი სადა დადვეს იგი" (იოანე, 20, 13). მობრუნდა და მკვდრეთით აღმდგარი იესო დაინახა, მაგრამ ვერ იცნო იგი, ვისი გულისთვისაც ასე მწარედ ტიროდა.  მარიამ მაგდალინელს მებაღე ეგონა იგი და უთხრა: "უფალო, უკუეთუ შენ აღიღე იგი, მითხარ მე, სადა დასდევ, და მე წარმოვიღო იგი" (იოანე, 20, 15). მაშინ სახელით მოუწოდა მას იესომ და იცნო მარიამმა საყვარელი მოძღვარი თვისი, გაიქცა, რომ მთხვეოდა მას, მაგრამ "ჰრქუა მას იესუ: ნუ შემომეხები მე, რამეთუ არღა აღსრულ ვარ მამისა ჩემისა; წარვედ ძმათა ჩემთა და არქუ მათ: აღვალ მამისა ჩემისა და მამისა თქუენისა, ღმრთისა ჩემისა და ღმრთისა თქუენისა" (იოანე, 20, 17). 

1459074420_ori-agdgoma.jpg

გახარებული წამოვიდა მარიამი, რომ ეხარებინა მოწაფეთათვის მოძღვრის აღდგომის ამბავი, მაგრამ მათ არ დაუჯერეს. პეტრე გაიქცა მაცხოვრის საფლავისკენ და იხილა სახვეველნი მისნი. იმავე დღეს ორ მოწაფეს გზაში დაემგზავრა უფალი, მაგრამ მათაც ვერ იცნეს იგი, ჩვეულებრივად ესაუბრებოდნენ, ვიდრე თავად არ გამოუცხადა საკუთარი თავი. დაბრუნდნენ და დანარჩენებსაც გაუმხილეს მომხდარის შესახებ, მაგრამ კვლავ არ ირწმუნეს მათი.

მოსაღამოვდა. მოწაფეები ერთად შეკრებილიყვნენ, კარნი მაგრად დაეხშოთ, რადგანაც ებრაელების ეშინოდათ. მაშინ მოვიდა იესო, დადგა მათ შორის და მშვიდობა უსურვა მათ. უსაყვედურა, რომ არ ირწმუნეს მათი, ვინც აღდგომის შესახებ ახარა, უჩვენა საკუთარი ჭრილობები და კიდევ ერთხელ გაახსენა წმიდა წერილის სწავლება: "ჯერ-არს აღსრულებად ყოველი წერილი სჯულსა მოსესსა და წინასწარმეტყველთასა და ფსალმუნთა ჩემთვის... და ქადაგებად სახელითა მისითა სინანული და მოტევებაი ცოდვათაი ყოველთა მიმართ წარმართთა" (ლუკა, 24, 44, 47). ასე აღესრულა ის უდიდესი საიდუმლო საიდუმლოთა შორის, რომელსაც ადამის ცოდვით დაცემის დღიდან მოელოდა მთელი სამყარო... აღსრულდა უდიდესი სასწაული სასწაულთა შორის, თაობათაგან ნანატრი და ნაოცნებარი - ქრისტე აღსდგა და ჩვენც აღგვადგინა! "ჭეშმარიტად, ამ უსაზღვრო ტანჯვის ჯილდო მხოლოდ აღდგომა თუ გახდებოდა. მხოლოდ ქრისტეს აღდგომით შეუძლია ბუნებას და ჩვენს სინდისს სიმშვიდის მოპოვება" (წმ. ნიკოლოზ სერბი). აღდგა და მთელი სამყარო განაახლა. აღდგა და საბოლოოდ დათრგუნა სიკვდილი: "სადა არს, სიკვდილო, საწერტელი შენი? სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი?" აღდგა და წარმოსტყვევნა ჯოჯოხეთი და დაამხო მეუფება მისი... სიკვდილითა სიკვდილი დათრგუნა და საფლავებს შინა სიცოცხლე მოგვანიჭა, რადგანაც განაქარვა სიკვდილის ძალა.

 

რა არის აღდგომა?

დღევანდელობაში აქტუალურია სოციალური ქსელები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში დროს გვაკარგვინებენ, საქმეს გვწყვეტს აქ გატარებული დრო... თითქოს ცოტა ხნით " შემოსულები", რეალურად მიჯაჭვულები ვხდებით... თუმცა როგორც ყველაფერში აქაც უნდა ვიპოვოთ დადებითი მხარე. ჩემი აზრით სოციალური ქსელი ბევრი საინტერესო ინფორმაციის მომცემია, უამრავ უსარგებლო ინფორმაციასთან ერთად... თუმცა შენ უნდა ისწავლო რაზე გაამახვილო ყურადღება და რაზე არა... და თუ შეძლებ, მაშინ ეს ინოვაცია ფუჭად დაკარგული დრო კი არა ინფორმაციის მიღების, სიახლის... ხშირად ჭეშმარიტების გაგებაში დაგეხმარება... მამა თეოდორე გაგნიძის ქადაგება ბევრი რამის გამო გახდა ჩემთვის საინტერესო... არ ვიცი რას ფიქრობენ ჩემი ტოლები, თუნდაც დიდები ან მომავალი თაობა, რომელიც ბევრად უფრო ჩამოუყალიბებელია ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ მე ვხვდები რომ ადამიანი იბადება ბედნიერებისთვის და თუ ჩვენ ვიცხოვრებთ სწორად, გავიაზრებთ... გვექნება ცხოვრების საზრისი, თუ ერთი წამი არ იქნება ქრისტეს გარეშე, თუ სამყაროს შევხედავთ მისი თვალებით, მაშინ ჩვენს გულებში იქნება ჩვენთვის მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი. ეს იქნება ჩვენი მშვიდი შინაგანი მდგომარეობა, სიმშვიდე კი აუცილებელია ბედნიერებისთვის...და ჩვენ ვიქნებით ბედნიერები... ინტერნეტ მომხმარებლებს, ვისთვისაც უფრო კომფორტული კითხვაა და არა ვიდეო..ეს ამონარიდია ქადაგებიდან, რომელიც ბევრ საინტერესო კითხვაზე გიპასუხებთ.

ეკლესია ღმერთთან შეხვედრის და ერთობის შესაძლებლობაა, ეკლესია ღმერთკაცობრივი ორგანიზმია, მადლია იქ... და ამიტომ ყველაფერი რაც აღესრულება ეკლესიაში ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას შევხვდეთ ღმერთს და გვქონდეს ღმერთთან პიროვნული ურთიერთობა.


ვნების შვიდეული, რომელიც ქრისტეს, ადამიანად მოსული ღმერთის უკანასკნელ დღეებს ეხება დედამიწაზე...ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანი სწორედ იმიტომ რომ ეს გვაძლიერებს, გვაძლევს შესაძლებლობას შევხვდეთ, განვიცადოთ, თანავუგრძნოთ... დედამიწაზე მოსულ ღმერთს თავის ტკივილებში...

imgpreview.jpg

 

ორშაბათი - დიდ ორშაბათად იწოდება.
ამ დღეს მრავალსწავლებასთან ერთად ღმერთი ერთ რამეს მოიმოქმედებს ... მიდის ლეღვის ხესთან, ნაყოფი არ არის, ჟამი არ დამდგარა...ფურცელი აქვს გამოღებული, ლეღვი შერისხულ იქნა და გახმება. ამით უფალი გვასწავლის, რომ ჩვენ ადამიანებს უნდა გვქონდეს მზაობა, არასოდეს არ უნდა გვეგონოს, რომ არ დამდგარა დრო ღმერთთან შეხვედრისა.
ჟამის დადგომა ჩვენთვის ნიშნავს, რომ ყოველ წამს უნდა ველოდებოდეთ და მერე ნაყოფი უნდა გვქონდეს გამოღებული, რა თქმა უნდა აქ სულიერი ცხოვრების ნაყოფი იგულისხმება. ჩვენი ცხოვრების საზრისის გააზრება, ღმერთთან შეხვედრის სურვილი, უნარი და შესაძლებლობაა...ეს არის ყველაზე უმთავრესი, რითაც ადამიანი ხდება ადამიანი, რითიც უბრალოდ ბიოლოგიურ არსებობაზე მაღლდები...

სამშაბათი - ასევე ბევრ რამეს გვასწავლის უფალი და ძალიან ბევრი იგავური სახეები აქვს მაცხოვარს მოცემული თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ. ამ იგავებში მხილებაა, იმ ადამიანებისა, რომლებიც ფიქრობენ ყველაფერი ღვთის ნებაა და მე არაფერი უნდა გავაკეთო.


ოთხშაბათი - იუდას მიერ უფლისადმი
ღალატის გადაწყვეტილების დღეა, იუდა ხომ ამ დროს მისი მოწაფეა, რომელიც მასთან ცხოვრობს, ჭამს, სვავს... მისი (ქრისტეს) ძალით სასწაულებს ახდენს. იუდა, რომელიც მოციქულთა რანგშია აყვანილი ვერ ხვდება მაცხოვარს, თუმცა ფიზიკურად მასთან იყო...
ეს ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია... შეიძლება ფიზიკურად იყო ეკლესიაში, მაზიარებელი, აღმსარებელი... მაგრამ თუ სამყაროს არ უყურებ ქრისტეს თვალებით მაშინ ვერ შეხვდები ქრისტეს, ვერ იცნობ მაცხოვარს და ყოველთვის, როცა დაგიდგება განსაკუთრებული მდგომარეობა, ექსტრემალური სიტუაცია, ყოველთვის იქნება მზაობა იუდასავით გასცე მაცხოვარი...


დიდი ხუთშაბათი - დღე საიდუმლო სერობისა, ზიარების დაბადების დღე, როდესაც პურისა და ღვინის სახით ქრისტიანები მკვდრეთით აღმდგარი ადამიანად მოსული ღმერთის ხორცსა და სისხლს ვებარებით... ეს იცით რას ნიშნავს? რომ ჩვენთვის ცხონება არის ღმერთთან ურთიერთობა, ოღონდ ეს ურთიერთობა გადადებულია მომავლისთვის, მე რომ გარდავიცვლები მერე.... თუ შენ ახლა არ ხარ ღმერთთან, მაშინ ნუ გაქვს იმედი, რომ გარდაიცვლები მერე იქნები ღმერთთან...

ღმერთთან მყოფობა არის ჩვენი არჩევანი, მდგომარეობა, რომელიც აუცილებლად გამოვლინდება, აუცილებლად ვლინდება აქვე... ამ სოფელში.


პარასკევი - ადამიანად მოსული ღმერთი კვდება... ამის ბოლომდე გააზრება შეუძლებელია...სამყაროს შემოქმედი ძე ღმერთი იღებს ადამიანურ ბუნებას, თავისთავად ადამიანურ ხორცს და თავისი ღვაწლით განწმენდს ადამიანურ ბუნებას... და თან ისე რომ ამით თავისავე ბუნებას არ ეხმარება. ჩვენ ადამიანებმა წარმოუდგენელია ეს ბოლომდე გავიაზროთ, ჩვენი გონებისთვის მიუწვდომელია... ჩვენ ადამიანებმა მისი ღვაწლი... საბოლოოდ ვერ დავაფასეთ.. და მან ეს ღვაწლი ჯვარზე დააგვირგვინა... საოცარია ჯვარზე გაკრული ავაზაკის მდგომარეობა, ის სიმდაბლით ეუბნება... მომიხსენე შენ სასუფეველში. განსაცვიფრებელია მისი რწმენა, მაგალითია ჩვენთვის რომ სიმართლესა და სიყვარულში დავინახოთ ძალმოსილება.


დიდი შაბათი - მაცხოვარი, როგორც გარდაცვლილი ადამიანის სხეული დაიდება საფლავში, სული ჩადის ჯოჯოხეთში... ჯოჯოხეთზე ხშირად ამბობენ რომ ღმერთი თითქოს აგზავნის იქ...სჯის. ეს არის ცილისწამება ღმერთზე, რომელიც სიყვარულით იწოდება. ღმერთს არ შეუქმნია ჯოჯოხეთი. ჯოჯოხეთს თავად ადამიანი ქმნის, როცა ადამიანი უარს ამბობს ღმერთთან ერთობაზე, სიყვარულთან ერთობაზე.

ჩვენ თვითონ ვქმნით ჩვენს მომავალს და თუ ნებას მივცემთ ჩამოვა ჩვენთან ჯოჯოხეთში... თუ მაგალითებით ვიცხოვრებთ და თუ ეს მაგალითი იქნება უფალი იესო ქრისტე, მაშინ ჩვენში იქნება შესაძლებლობა რომ მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვრის ამბავი, ამბავი კი არ იყოს, რომელიც 2000 წლის წინ მოხდა არამედ ეს ჩვენთვის არსებულ რეალობად გადაიქცეს, ოღონდ არა ჩვენს გარეთ არსებულ რეალობად არამედ ჩვენს შიგნით...
როგორც უფალი ამბობს, მე შიგნით მეძებეთო...თქვენს შიგნით, გულებში...,

 

ბრწყინვალე შვიდეულში დილა-საღამოს ლოცვების მაგივრად სააღდგომო საკითხავებია დაწესებული. მათ ჟამნობა ეწოდება. ასევე, იკითხება სააღდგომო სძლისპირები, ან იგალობება, ვისაც გალობა შეუძლია. ეს მთელი კვირის განმავლობაში გრძელდება, შაბათიდან კი გადავდივართ ჩვეულებრივ ლოცვებზე, მხოლოდ “მეუფეო ზეცათაოს” ნაცვლად იკითხება “ქრისტე აღდგა მკვდრეთით” სამგზის და “ღირს არსის” ნაცვლად “ანგელოზი ღაღადებს”. ბრწყინვალე შვიდეულში აღარ იკითხება ფსალმუნები, თუ ჯგუფურად ასრულებენ ფსალმუნებს, შეუძლიათ გაგრძელება, რადგან მისი შეწყვეტა არ შეიძლება. სხვა შემთხვევაში ფსალმუნების კითხვას შაბათიდან განვაახლებთ.”

 


და რა არის აღდგომა???

ეს არის სიმართლის გამარჯვება, ეს არის სიხარულის გამარჯვება, ეს არის სიცოცხლის გამარჯვება, ეს არის სიკეთის გამარჯვება და ეს ყველაფერი ხელშესახები გახდა მოციქულთათვის...

 

 

ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!  ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა! ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!