პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა გახსნა რიგით მეოთხე ყოველწლიურ კონფერენცია, სახელწოდებით: „ქალის როლი ეკონომიკის ზრდასა და რეფორმების შემუშავებაში".
თამარ ჩუგოშვილმა მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში, სულ უფრო აქტიური ხდება ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე საუბარი.
„ეკონომიკური გაძლიერება არის მთავარი ღერძი, რომელიც ყველა ჩვენგანს და მთლიანად საზოგადოებას დაეხმარება არსებული პრობლემების დაძლევაში. სწორედ ეკონომიკურად ძლიერი მოქალაქე, იქნება ეს ქალი თუ კაცი, არის მთავარი გარანტი იმის, რომ ის უკეთ შეძლებს საკუთარი თავის დაცვას სხვადასხვა პრობლემების წინაშე",-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
თამარ ჩუგოშვილმა ისაუბრა საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებულ პრობლემებზე, რომლებიც განაპირობებენ უთანასწორობას სხვადასხვა მიმართულებით, მაგალითად: გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი და ცენტრალური თვითმმართველობის დონეზე ქალთა ძალიან დაბალ წარმომადგენლობას, თანასწორი შრომისთვის ქალებისა და კაცების ანაზღაურებაში დაახლოებით 40%-იან სხვაობას, ქვეყანში ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემას, როგორც ოჯახში, ასევე ოჯახს მიღმა და სხვა.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ კონფერენციის მონაწილე 300 ქალი, რომლებიც მეწარმეობით არიან დაკავებულნი, ზრუნავენ როგორც საკუთარი თავის, ასევე მათი ოჯახების გაძლიერებაზე. მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მეწარმეობის ხელშეწყობისთვის არსებული სახელწმიფო სერვისები უფრო მეტად გახდეს ქალების საჭიროებებზე მორგებული.
„ძალიან ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ სახელწმიფო სერვისები, რომლებიც მეწარმეობაში ხელშეწყობისთვის არსებობს, უფრო მეტად გახდეს სენსიტიური ქალების საჭიროებების მიმართ და შესაბამისად, ქალებს მიეცეთ შესაძლებლობა უფრო აქტიურად ისარგებლონ ამ სერვისებით და უფრო მეტად მოახერხონ საკუთარი ეკონომიკური გაძლიერება",-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო, მასში წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური ძალის მონაწილეობით, მუშაობს ქალთა საკითხებზე, მათ შორის ქალების როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ გაძლიერებაზე, შრომის კოდექსის გაუმჯობესებაზე, დახვეწაზე და სხვადასხვა მიმართულებაზე, რაც მათ ხელს შეუწყობს უფრო აქტიურად ჩაერთონ ეკონომიკურ ცხოვრებაში და უფრო მეტად გაძლიერდნენ.
„ჩვენი საქმიანობა არის მაქსიმალურად ღია და გახსნილი. მოგვაწოდეთ თქვენი იდეები, თუ როგორ შეიძლება პარლამენტის საქმიანობა კიდევ უფრო ეფექტური გახდეს. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ გარემო თქვენთვის იყოს ხელშემწყობი, რომ კიდევ უფრო მეტად შეძლოთ საკუთარი წამოწყებული საქმეების განვითარება და გაძლიერება",-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
კონფერენცია გაიმართა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის" (G4G) საქართველოში და „მეწარმე ქალთა საბჭოს" ორგანიზებით, ასევე „საქართველოს ბანკის", თბილისის მერიის, „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის" (EBRD), ევროკავშირის EU4Business ინიციატივის, ფოთის პორტის, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ენერგეტიკის პროგრამისა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ყოველწლიურ კონფერენციას - „ქალის როლი ეკონომიკის ზრდისა და რეფორმების შემუშავებაში“ დაესწრო. კონფერენცია ქალთა გაძლიერების კვირეულის ფარგლებში, თბილისის მერიის მხარდაჭერითა და USAID-ის პროექტის - „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G) ორგანიზებით, წელს მეოთხედ გაიმართა.
თბილისის მერმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ქვეყნის მართვაში, ბიზნესსა და სამოქალაქო საზოგადოებაში ქალების როლის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ყველა ვაცნობიერებთ, რომ დღევანდელი რეალობა იდეალური არ არის და ისეთი, როგორიც ჩვენ გვსურს, მაგრამ დამეთანხმებით, რომ ბოლო წლებში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის. დღეს უკვე ღიად ვსაუბრობთ ქალების ქმედით მონაწილეობაზე ბიზნესსა თუ პოლიტიკაში, ქალების მონაწილეობაზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში და რაც მთავარია, ქალების დაცულობაზე შევიწროებისგან და ძალადობისგან. სწორი მიდგომებით, პროგრესული იდეებით, ერთმანეთის ხელშეწყობით, მოვახერხებთ იმ იდეალური სახელმწიფოს შექმნას, სადაც თანასწორი უფლებები იქნება; სადაც ხელშეწყობილი იქნება ქალების ჩართულობა კერძო თუ საჯარო საქმიანობაში და სადაც ქალისა და მამაკაცის თვითრეალიზება მათი უნარების, ცოდნისა და თვისებების გამო მოხდება და არა სქესობრივი კუთვნილების მიხედვით“, - განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძის თქმით, წარმატებულ, აქტიურ ქალებს თბილისის მერიის მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა ექნებათ.
„მინდა ვიხილო ძალიან ბევრი ქალბატონი ბიზნესსა და პოლიტიკაში. თანამედროვე საქართველოს მოქალაქე ქალი არის ოჯახში და საჯარო სივრცეში ერთნაირად რეალიზებული პიროვნება. მათ მხრებზე გადაიარა ქვეყნის ძნელბედობის წლებმა და მათი ხელით იქნება ქვეყნის წარმატებული მომავალიც. მინდა წარმატებები გისურვოთ და კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ დედაქალაქის მერიის მხრიდან იქნება მაქსიმალური ხელშეწყობა და თანადგომა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ქალბატონი იყოს რეალიზებული სხვადასხვა მიმართულებით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
კონფერენციას საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, USAID-ის ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორი ვერონიკა ლი, ბიზნესწრეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ რომ კონფერენცია „ქალის როლი ეკონომიკის ზრდასა და რეფორმების შემუშავებაში" პირველა 31/03/2015 წელს გაიმართა. პრესკონფერენციაში ეკონომიკის, ბიზნესის სფეროებიდან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მონაწილეობას იღებდნენ. ფორუმის ფარგლებში გაიმართება ხელნაკეთი ნივთების და ქალი მეწარმეების მიერ შექმნილი სხვადასხვა პროდუქციის გამოფენა - გაყიდვა და საქველმოქმედო აუქციონი.
ღონისძიების ფარგლებში მიწვეული სტუმრები გაუზიარებენ პირად გამოცდილებას საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და რეფორმების შემუშავებაში კონფერენციის მონაწილე 200-მდე ქალბატონს.