გერმანია საქართველოს მეგობარი და პარტნიორი ქვეყანაა, რომელთანაც ჩვენ ბოლო წლებში ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების მიმართულებით, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰაიკე ფაიჩთან შეხვედრისას განაცხადა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის, ასევე გერმანიის მთავრობის დახმარებით ქვეყანაში მიმდინარე პროექტები და სამომავლო პარტნიორობის საკითხები განიხილეს.

ფინანსთა მინისტრმა დიპლომატს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც გერმანიის ხელისუფლება უწევს საქართველოს რეფორმების განხორციელების პროცესში. 

„ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ სულ უფრო მეტია დაინტერესება გერმანული კომპანიების მხრიდან აწარმოონ ბიზნესი საქართველოში. ვხედავთ, რომ გაზრდილია ჩვენი ქვეყნის პოპულარობა გერმანელ ტურისტებს შორის. გერმანული ფონდები აქტიურად მონაწილეობენ იმ პროექტების დაფინანსებაში, რომელიც პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებასთან“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი ხელს შეუწყობს იმას, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა შეხვედრაზე ორი ქვეყნის ურთიერთობა, მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის, ასევე გერმანიის მთავრობის დახმარებით ქვეყანაში მიმდინარე პროექტები და სამომავლო პარტნიორობის საკითხები განიხილეს. მამუკა ბახტაძემ ჰაიკე ფაიჩს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც გერმანიის ხელისუფლება უწევს საქართველოს რეფორმების განხორციელების პროცესში.

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და KfW-ის აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ოლაფ ზიმელკამ 20 მარტს ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე.
ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის წარმატებული და ეფექტური თანამშრომლობის მნიშვნელობას როგორც ფინანსური, ისე პოლიტიკური მხარდაჭერის კუთხით – განსაკუთრებით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საიმედო მხარდაჭერას ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი ორ ქვეყანას შორის განვითარების სფეროში მიღწეული თანამშრომლობის ფარგლებში, მომავალშიც გააგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას ისეთ მნიშვნელოვან სექტორებში როგორიცაა: გარემო და ენერგეტიკა, მათ შორის, ენერგოეფექტურობის მიმართულება, ურბანული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, სამოქალაქო საზოგადოება და საჯარო ადმინისტრირება.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ გერმანიასთან, როგორც საქართველოს განვითარების წამყვან პარტნიორთან, შემდგომი თანამშრომლობა კვლავ ნაყოფიერი იქნება და KfW-ის მხარდაჭერით დაფინანსებული პროექტები ქვეყნის მნიშვნელოვანი მიმართულებების განვითარებას მოხმარდება.