საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი ბრიუსელშივიზიტის დასრულების შემდეგ, სამუშაოვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ვაშინგტონში, საქართველოს პრეზიდენტისვიზიტის მთავრი ამოცანა საქართველოს უსაფრთხოების მიმართაშშ-ს ხელისუფლების წარმომადგენლების მხარდაჭერის გამყარება და საქართველოსნატოში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობაა.
საქართველოს რეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვაშინგტონში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სენატში გამართულ შეხვედრებზე საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე მტკიცე მხარდაჭერის კონსოლიდაციისა და ნატოს მომავალი სამიტისათვის მზადების საკითხები განიხილა. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, სენატორებთან: რობერტ მენენდესთან, ბობ კორკერთან და ჯინ შაჰინთან შეხვედრებისას გიორგი მარგველაშვილმა დეტალურად ისაუბრა რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით შექმნილ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, უსაფრთხოების სფეროში შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება, რათა კიდევ უფრო ხელშესახები გახდეს, ამ თანამშრომლობის შედეგები.
“დღეს საქართველოს უაღრესად სჭირდება შეერთებული შტატების მხარდაჭერა არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე და ნატო-ს სამიტისთვის მოსამზადებელ პერიოდში ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეების ნეიტრალიზაციისთვის”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას.
გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა სენატორებს იმ ძლიერი მხარდაჭერისათვის, რასაც აშშ-ს ხელისუფლების წარმომადგენლები გამოხატავენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.
“ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ გავხდეთ ნატო-ს წევრები. ვამბობთ, რომ ვიმსახურებთ ნატო-ს წევრობას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს საქართველოსათვის რეალობად იქცეს”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ალიანში გაწევრიანების გზაზე საქართველოს წინსვლა შეჩერებულია დიდწილად გაყინული კონფლიქტების გამო, რომელიც საქართველოს რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტულ რეგიონებთან, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან აქვს – რეგიონებთან, რომლებმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. რუსეთის აგრესიულ ქმედებებთან მიმართებაში საუბრისას გიორგი მარგველაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის საკითხი დააყენა და აღნიშნა, რომ საქართველო ვერასოდეს შეეგუება ოკუპაციას.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, სენატორებმა აღნიშნეს, რომ საქართველო შეერთებული შტატების და ალიანსის განსაკუთრებული პარტნიორია რეგიონში და მნიშვნელოვანია მისი როლი საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის თვალსაზრისით.
ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს კონგრესში გამართულ კონფერენციაში “აშშ-საქართველოს პარტნიორობა”, რომელიც ატლანტიკური საბჭოს მხარდაჭერით იმართება. პრეზიდენტი ასევე საჯარო ლექციას წაიკითხავს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში და სამუშაო სადილზე შეხვდება ატლანტიკური საბჭოს, NDI -ისა და IRI- ის ხელმძღვანელობას, მონაწილეობას მიიღებს ასევე, ჰადსონის ინსტიტუტში, მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში და სიტყვით გამოვა ფონდში Heritage.
პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, უაღრესად მნიშვნელოვანია ის აქტივობები, რომელიც დღეს, ამ ვითარებაში, არსებულ პოლიტიკურ ფონზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხორციელდება.
შეხვედრებს ესწრებოდნენ ქართული დელეგაციის წევრები: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი და საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე.