1-ლი მაისიდან თამბაქოს და ელექტროსიგარეტის მოწევა სხვადასხვა დაწესებულებებში იკრძალება, მათ შორის ბარებსა და რესტორნებშიც. ცვლილებები თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონში შევიდა.
მოწევა იკრძალება შემდეგ ადგილებში:
- ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში;
- საზოგადოებრივ ტრანსპორტში (გარდა ტაქსისა და კატერისა);
- საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების, სხვა სასწავლო დაწესებულებების, ბიბლიოთეკების, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, აგრეთვე 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე.
- მოწევა იკრძალება ასევე სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე;
- ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები ინახება.
- მოწევა იკრძალება კაფე-ბარებსა და რესტორნებშიც.
ადგილები, სადაც ნებადართულია მოწევა:
- ტაქსისა და კატერი;
- ფიზიკური პირის სახლი;
- სამორინე;
- წინასწარი დაკავების იზოლატორი;
- პენიტენციურ დაწესებულება;
- თამბაქოს კვამლის შემსწავლელ სპეციალიზებულ ლაბორატორიულ დანადგარი;
- სიგარაბარი;
- სტაციონარული ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისთვის განკუთვნილ დაწესებულებები ხელმძღვანელის სპეციალური ბრძანების შეთხვევაში;
- აეროპორტის სატრანზიტო ზონაში თამბაქოს მოსაწევად გამოყოფილ ადგილას.
- სტადიონზე, რომელსაც ჰყავს ადმინისტრაცია (2020 წლის პირველ იანვრამდე)
ჯარიმების შესახებ:
- შენობა-ნაგებობაში ან/და მის კუთვნილ ტერიტორიაზე თამბაქოს მოწევისთვის, ჯარიმა 500 ლარია, განმეორების შემთხვევაში კი ორმაგდება;
- მრავალბინიანი სახლის სადარბაზოში,სახურავსა და ლიფტში მოწვისთვის ჯარიმა 50 ლარია, განმეორების შემთხვევაში კი ორმაგდება;
- წესების დარღვევის შემთხვევაში დაწესებულება დაჯარიმდება 500 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი გაორმაგდება;
- საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი ტრანსპორტში მოწევისთვის დაჯარიმდება 500 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი გაორმაგდება;
- თუკი ფიზიკური პირი საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოწევს დაჯარიმდება 50 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი გაორმაგდება.
რეგულაციებს ჯანდაცვის სამინისტრო ადგენს, მის შესრულებას კი კომუნიკაციების კომისია გააკონტროლებს.
შეგახსენებთ, რომ თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის 17 მაისს მიიღო და 2018 წლის 1 მაისიდან შევიდა ძალაში.
მწეველი არამწეველი
რა დაავადებებს იწვევს თამბაქო?
თამბაქოს წევა საკმაოდ გავრცელებული მავნე ჩვევაა. თამბაქოს ხანგრძლივი გამოყენებისას ხშირად ვითარდება არასუსურველი შედეგები:
კარიესი - თამბაქოს კვამლის შესუნთქვისას ზიანდება კბილის მინანქარი, რაც იწვევს კარიესს;
კბილების გაყვითლება;
სტომატიტი;
სასუნთქი გზების დაავადებები - ქრონიკული ბრონქიტი.
ფილტვის კიბო - მისი ერთ-ერთი ყველაზე საშიში შედეგია;
ავთვისებიანი სიმსივნე - შეიძლება წარმოიქმნას აგრეთვე პირის ღრუში, ხახაში, ხორხში, საყლაპავ მილში, თირკმელში, შარდის ბუშტში;
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები;
მაღალია მიოკარდიუმის ინფარქტის, გულის კუნთის და ტვინის სისხლძარღვების დაავადებების განვითარების რისკი.
თამბაქოს წევა მავნეა არა მარტო მწეველისათვის, არამედ იმათთვისაც, ვინც მწეველებთან ერთად შენობაში იმყოფება და თამბაქოს კვამლით მოწამლული ჰაერით სუნთქავს.
ადამიანს, რომელიც სუნთქავს თამბაქოს ბოლით დაბინძურებულ ჰაერს, - პასიური მწეველი ეწოდება. მათი უმრავლესობაა ბავშვები და მოზარდები. მწეველები დიდ ზიანს აყენებენ თავიანთი ოჯახის წევრებს, მეგობრებს და თანამშრომლებს.
პასიური მოწევა საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას. გამოთვლილია, რომ წელიწადში თითქმის 50 000 არამწეველი იღუპება პასიური წევისაგან გამოწვეული შედეგების გამო. არამწეველთა შორის პასიური მოწევა ყველაზე ძალიან მოქმედებს ბავშვებზე, მოზარდებზე და იმ პირებზე, რომელთაც აქვთ ასთმა, გულის თუ სხვა სერიოზული დაავადებები.
მწეველი მშობლების შვილები ფაქტობრივად არიან პასიური მწეველები. ასეთ ბავშვებში აღინიშნება ინფექციური დაავადებებისადმი ნაკლები წინააღმდეგობის უნარი, ისინი ხშირად ავადმყოფობენ, აცდენენ სკოლას და უფრო დიდხანს არიან საავადმყოფოებში, ვიდრე არამწეველთა შვილები.
თამბაქოს წევის ნაცვლად მიმართეთ ჯანსაღი ცხოვრების წესს!!!!