სიახლეები

ჩვენი ქვეყანა არ შეეგუა 1921 წელს დამოუკიდებლობის დაკარგვას“

1989 წლის 9 აპრილიდან 29 წელი გავიდა. პრემიერმა ამ დღეს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. „დღეს 29 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილიდან. ეს არის დღე, როდესაც ბევრი თაობა გაერთიანდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. დღევანდელი დღე ყოველთვის დარჩება სამშობლოს სიყვარულის, თავისუფლებისთვის ბრძოლის, თავგანწირვის სიმბოლოდ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყანა არ შეეგუა 1921 წელს დამოუკიდებლობის დაკარგვას და მრავალი წლის შემდეგ, ამ ადამიანებმა თავგანწირვით შეძლეს, კიდევ ერთხელ გაეთავისუფლებინათ ქვეყანა.

9 აპრილიდან ზუსტად 2 წლის თავზე, საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. დღეს ჩვენთვის ეს თარიღი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან 1918 წელს პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. განსაკუთრებულია ის კონსოლიდაცია, რომელიც მოჰყვა 9 აპრილს და რომლის მსგავსიც არ მახსენდება. სწორედ ასეთი კონსოლიდაციით და მთელი ქვეყნის გაერთიანებით ჩვენ უნდა განვამტკიცოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, ჩვენ უნდა ავაშენოთ ძლიერი საქართველო, გავამთლიანოთ ჩვენი ქვეყანა და დავრჩეთ ერთგული იმ იდეალებისა, რომლისთვისაც 9 აპრილის ღამეს აქ მდგომმა ადამიანებმა თავი გაწირეს“,  – განაცხადა პრემიერმა.

9 აპრილის დემონსტრაცია

მოვლენები, რომელიც წინ უძღოდა 9 აპრილის ტრაგედიას.

 

9 აპრილის ტრაგედიამდე 3 კვირით ადრე აფხაზეთში ე.წ. ლიხნის ასამბლეა ჩატარდა, რომელზეც საქართველოს აფხაზი მოსახლეობის ნაწილმა საქართველოსგან გამოყოფა და რესპუბლიკის სტატუსი მოითხოვა. ამერიკის შეერთებული შტატების საარქივო დოკუმენტებში, რომლებიც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) გამოითხოვა, წერია, რომ 1989 წლის 15 მარტს აფხაზეთის კომუნისტური პარტიის თავმჯდომარემ ბორის ადლეიბამ ხელი მოაწერა პეტიციას საბჭოთა კავშირისა და საქართველოს უმაღლესი საბჭოს სახელზე, რომელიც აფხაზეთისთვის საკავშირო რესპუბლიკის სტატუსის მინიჭებას, ან მოსკოვის პირდაპირ დაქვემდებარებაში გადასვლას მოითხოვდა  აფხაზეთში სეპარატისტული განწყობების გაძლიერების პარალელურად, სეპარატიზმისა და მოსკოვის ანტიქართული პოლიტიკის წინააღმდეგ მშვიდობიანი აქციები დაიწყო. 4 აპრილს, მთავრობის სახლის წინ ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა, მათ დაიწყეს შიმშილობა, მეორე დღეს მათი რაოდენობა უფრო გაიზარდა.

5 აპრილს თბილისი პარალიზებული იყო. გაიფიცნენ მუშები, დაიხურა სასწავლო დაწესებულებები. ქართულ მედიას იმ დღეს მიმდინარე აქციები არ გაუშუქებია. ადგილობრივმა საბჭოთა ხელისუფლებამ სიტუაციაზე კონტროლი დაკარგა. აშშ-ს სახელმწიფო არქივის ერთ-ერთი დოკუმენტის (1989 წლის 7 აპრილი) მიხედვით, 6 აპრილს საოლქო კომიტეტმა თანამდებობიდან გადააყენა აფხაზეთის პირველი მდივანი ადლეიბა, აფხაზეთისთვის დამოუკიდებლობის მინიჭების მოთხოვნის გამო, რასაც 7 აპრილს აფხაზეთში მისი მხარდამჭერი აქცია მოჰყვა. აღნიშნულ დოკუმენტში საუბარია დემონსტრაციის ქართველ ლიდერებს შორის შეუთანხმებლობაზე. მოძრაობა „ილია ჭავჭავაძის საზოგადოება“ და „რუსთაველის საზოგადოების“ ლიდერები მიიჩნევდნენ, რომ აქციის დროს პროტესტის მთავარი თემა უნდა ყოფილიყო აფხაზეთის საკითხი, ხოლო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისა და ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის წარმომადგენლები მოითხოვდნენ, რომ კონცენტრირება მომხდარიყო ერთ, საქართველოს სსრკ-დან გამოსვლის, მოთხოვნაზე. 

9 აპრილის სადამსჯელო ოპერაცია.

 

7 აპრილს საქართველოს კომპარტიის პირველმა მდივანმა ჯუმბერ პატიაშვილმა მოსკოვში, საბჭოთა ხელმძღვანელობას წესრიგის აღსადგენად დამხმარე ძალების გამოგზავნა სთხოვა. იმავე დღეს პერმიდან და ვორონეჟიდან თბილისში შემოვიდნენ საგანგებო დანიშნულების მილიციის რაზმები. 8 აპრილს, აშშ-ს საიდუმლო სამსახურების სახელზე გაგზავნილ დაშიფრულ ცნობაში წერია, რომ საქართველოში არსებობს ეთნიკური კონფლიქტის საფრთხე. დოკუმენტში პარალელია გავლებული მთიანი ყარაბაღის გარშემო დაწყებულ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტთან.

9 აპრილს, 11 საათზე, თბილისში კომენდანტის საათი გამოცხადდა. ამის შესახებ ცნობა მოსახლეობამ 22 საათსა და 15 წუთზე მიიღო. ქალაქის სამხედრო კომენდანტად დაინიშნა საბჭოთა არმიის გენერალი იგორ როდიონოვი. სწორედ ის იყო 9 აპრილის სადამსჯელო ოპერაციის ხელმძღვანელი.

 

9 აპრილს, გამთენიისას, რუსულმა არმიამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტის დაშლა დაიწყო. აქციის დარბევისას საბჭოთა ჯარმა გამოიყენა მომწამვლავი ქიმიური საშუალებები, ცეცხლსასროლი იარაღი, სასანგრე ბარები, ჯავშანტრანსპორტიორები და ტანკები. იმ ღამის დარბევას 20 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ერთი მოქალაქე კომენდანტის საათის დროს მოკლეს რუსმა ჯარისკაცებმა.

 

ამ დღეს ასობით ადამიანი დასახიჩრდა, დემონსტრანტების დიდი ნაწილი მოიწამლა. უცნობია დაზარალებულების ზუსტი რიცხვი და ასევე, რა ზიანი მიადგა მათ ჯანმრთელობას.

 

SHLKS.jpg

როგორ იხსენებენ სისხლიან დარბევას თვითმხილველები.

რამდენიმე წლის წინ ბლოგმა ბურუსი 9 აპრილის ტრაგედიის თვითმხილველთა მოგონებები გამოაქვეყნა. შოთა ჟვანია, დაზარალებული: “რუსი ჯარისკაცები ქალებსა და ბავშვებს ურტყამდნენ ნიჩბებს თავში, კაცებს რომ ვერ მოერივნენ. სისხლის გუბეში ვიდექი და ვერ ვშველოდი მათ იმიტომ, რომ ოთხი რუსი ჯარისკაცი ცემით მიმათრევდა სადღაც. თავის დაღწევა მოვახერხე და ოთხი კილომეტრი ფეხშიშველმა ვირბინე სახლამდე.”

გელა არაბული, დაზარალებული: “როდესაც ლენინის მოედნიდან (მაშინდელი) ჯავშან-ტრანსპორტიორები წამოვიდნენ, მთავრობის სასახლის მარჯვენა მხარეს, კიბეზე ვიდექი. ჯარისკაცები მოდიოდნენ ფარებით, ნიჩბებით და ხელკეტებით. ხალხი წყნარად იჯდა, არავინ არაფერს აშავებდა, არავინ დგებოდა, ხმას არავის სცემდა. დაახლოებით, ხუთი წუთი იდგნენ ჯარისკაცები. უცბად დაიწყეს ხალხის ცემა. მალე მათ ჩიტაძის ქუჩიდან ჩამოეშველნენ სხვა ჯარისკაცები".

სოსო პაიჭაძე: “ცხრა აპრილს, სისხამ დილით გავედი მთავრობის სახლთან. შემზარავი სანახაობა გადამეშალა თვალწინ: კიბეებზე, ქვაფენილზე, ქუჩებზე, მარადმწვანე ბუჩქებზე, ყველგან და ყველაფერზე, რასაც მზერა სწვდებოდა, მიმოფანტულიყო ტანსაცმლის ნაგლეჯები, ფეხსაცმელები, ძირითადად ქალის, ქუდები, ქაღალდის ნაკუწები, ერთმანეთში არეული, ალუფხული ხელჩანთები, ხელჩანთებიდან წამოყრილი სავარცხლები, პატარა სარკეები, ცხვირსახოცები; თავსაფრები, გაზეთების ნაფლეთები, დანაკუწებული ქურთუკები, პარფიუმერიის ნამსხვრევები, ნაირგვანი ფერის ქსოვილის ნახევები, ბიჟუტერია. ასფალტზე ჯერ კიდევ ჩანდა ჯავშნიანი მანქანების მუხლუხების კვალი, ქვაფენილზე კი შემზარავად მბზინავი სისხლის ლაქები”.

 

დამოუკიდებლობის აღდგენა;

 

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ, დამოუკიდებლობის აღდგენამ შეუქცევადი პროცესის სახე მიიღო. 1991 წლის 31 მარტს, საქართველოს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ, ერთიანი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა რეფერენდუმი, სადა საქართველოს მოსახლეობას ერთადერთი კითხვა დაუსვეს: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის დეკლარაციის შესაბამისად?”

რეფერენდუმში ქართველი ამომრჩევლის 90%-მა მიიღო მონაწილეობა, მათგან 98%-მა დამოუკიდებლობა აირჩია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გამოკითხვაში მონაწილეობდნენ ჯერ კიდევ საქართველოს კონტროლის ქვეშ მყოფი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებნი.

1991 წლის 9 აპრილს, 2 წლის წინ რუსეთის არმიის მიერ მოკლულთა პატივსაცემად, საქართველოს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

 

 

0
0
0
s2sdefault
powered by social2s
ჩვენ დაგვიკავშირდით

logoalt

BEYAZLI GRUP დაწესებულება BESS - მა ფილის და ბლოკის დანადგარი, ბეტონის ქარხანა და ყალიბების გაყიდვა 2007 წლიდან დაიწყო. შემადგენლობაში დამატე ბული გამოცდილი და პროფესიონალი კარდიების მეშვეობით, სწრაფი ზრდა მიზნად დაუსახა და სექტორის ლიდერია…

ჩვენ დაგვიკავშირდით

maps Yanlıca Mahallesi Akoluk Belediye Karşısı ტრაბიზონი / თურქეთი
 
telefon +90 462 321 07 78
+90 549 325 66 64
 
mail info@bessmakina.com
 
mail ორშაბათი - შაბათი