საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონში, კონგრესში გამართულ კონფერენციაზე საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღების ინიციატივით გამოვიდა. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, საქართველოს მხარდამჭერი აქტი გააერთიანებს ყველა არსებულ თანამშრომლობის ფორმატს და ასევე ახალ ფორმატებს წარმოქმნის. მისივე თქმით, ის უზრუნველყოს როგორც ქართველი ერის გრძელვადიან სტაბილურობას, ასევე აშშ-ს ინტერესების დაცვას რეგიონში.
“ჩემთვის დიდი პატივია აქ, ვაშინგტონში მეგობრებთან და მოკავშირეებთან ყოფნა. ჩვენს ქვეყნებს მაღალი დონის პარტნიორობა აკავშირებთ; ამერიკელი და ქართველი ხალხები აფასებენ საერთო ღირებულებებს და იზიარებენ თავისუფლებისკენ სწრაფვას. ჩვენს მეგობრობასა და პარტნიორობას საფუძველი ჩაუყარეს ჩვენმა ქალებმა და მამაკაცებმა სამხედრო ფორმაში, რომლებიც საერთო მიზნებისთვის მხარდამხარ იბრძვიან ათწლეულების მანძილზე. დიდება მათ, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწირა ჩვენს თავისუფლებას. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ მათ ღვაწლს.
ჩვენ მათ არასდროს დავივიწყებთ და განვაგრძობთ თავისუფლებისთვის ბრძოლას. ამისთვის ჩვენ ისე გვჭირდება გამბედაობა, როგორც არასდროს. 30 წლის წინ, როდესაც ცივი ომი დასრულდა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ თავისუფალი სამყარო კვლავ ცივი ომის გამოწვევების წინაშე დადგებოდა, მაგრამ დღეს, საქართველოს 20% ოკუპირებულია, მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობა კვლავ დარღვეულია, ყირიმი ანექსირებულია, უკრაინაში ომია. დღეს, ჩვენ ყველანი ვლაპარაკობთ მკვლელობის მცდელობაზე სოლსბერიში, საქართველოში, რამდენიმე კვირის წინ, ყოფილი ქართველი სამშვიდობო, რომელიც ერაყში მოკავშირეებთან ერთად მსახურობდა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოკლეს; დღეს, მოსკოვიდან კიდევ უფრო შემაშფოთებელ საომარ რიტორიკას ვისმენთ.
დღეს, რამდენადაც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს, ჩვენ კვლავ გვჭირდება ის ერთობა, რომელმაც ერთხელ უკვე დაამარცხა ცივი ომი. ეს გამარჯვება მიღწეული იქნა თავდადებით. როგორც ერთმა გენერალმა აღნიშნა, ეს იყო „ომის ბრძოლის გარეშე მოგება“. საქართველო, როგორც რეგიონში დასავლეთის ალიანსების და ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის საყრდენი, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი, რომელიც უზრუნველყოფს ტრანსრეგიონული თანამშრომლობის გრძელვადიან გადაწყვეტილებებს, ქმნის ენერგეტიკისა და ტრანსპორტირების მნიშვნელოვან შესაძლებლობებს; ჩვენ გავხსენით “საზღვრები” რეგიონალური ეკონომიკისა და ჩაკეტილი ქვეყნებისთვის; ჩვენ დასავლური სტანდარტების მიხედვით ჩამოვაყალიბეთ პოლიტიკური და სახელმწიფო ინსტიტუტები.
ყოველივე ამის გამო, საქართველოს წარმატებას დაკვირვებით ადევნებენ თვალს და შესაბამისად, ის ხშირად დგას გამოწვევების წინაშე.როდესაც მწვავე გამოწვევების წინაშე ვდგავართ, ჩვენ უნდა გავიხსენოთ ისტორიული მომენტები, ის ჭეშმარიტი მომენტები, რომლებიც დიდმა ლიდერებმა შექმნეს; თამამი ნაბიჯები, რომლებმაც მოუტანეს სტაბილურობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა მსოფლიო ერებს;
კაცობრიობის უახლოეს ისტორიაში, არ არსებობდა შემთხვევა, რომ ვინმეს ამ ეტაპისთვის ამერიკული ხელმძღვანელობის გარეშე მიეღწია.
პრეზიდენტ ტრუმანმა, ეიზენჰაუერმა და პრეზიდენტმა რეიგანმა, საკუთარი გამბედავი ნაბიჯებით, (ვგულისხმობ ცივი ომის კედლების დანგრევას), მილიონობით ადამიანს შვება მოჰგვარეს, გაბედული და საპასუხისმგებლო პოლიტიკის სტანდარტები ჩამოაყალიბეს.
ამ დღეების განმავლობაში, ჩვენ ჩვენს მოკავშირე შეერთებულ შტატებთან გავავითარეთ სტრატეგიული პარტნიორობა; ჩვენ ვიფიქრეთ და ჩამოვაყალიბეთ სტრატეგია, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი საერთო მიზნების მიღწევას; მოხარული ვარ, რომ აქ საქართველო აღიქმება, როგორც შეერთებული შტატების განსაკუთრებული პარტნიორი და მოკავშირე ქვეყანა რეგიონში. მიმაჩნია, რომ ამ განსაკუთრებულ პარტნიორობას განსაკუთრებული დაფასება სჭირდება.
ამ გამორჩეულ აუდიტორიასთან საუბრისას, მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს მხარდამჭერი აქტი მომდევნო ლოგიკური ნაბიჯი იქნებოდა ამ განსაკუთრებული ურთიერთობების მხარდაჭერისა და განმტკიცებისათვის. საქართველოს მხარდამჭერი აქტი გააერთიანებს ყველა არსებულ თანამშრომლობის ფორმატს და ასევე წარმოქმნის ახალ ფორმატებს. ის უზრუნველყოს როგორც ჩემი ერის გრძელვადიან სტაბილურობას, ასევე აშშ-ს ინტერესების დაცვას რეგიონში;
მადლობას გიხდით მეგობრობისთვის და მოგიწოდებთ, რომ კიდევ ერთხელ განახორციელოთ განსაკუთრებული ამერიკული ხელმძღვანელობა თავისუფლების მიზნით. გულითად მადლობას ვუხდი ატლანტიკური საბჭოს და ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტს ამ ღონისძიების ორგანიზებისთვის. მადლობა საქართველოს ელჩს და საელჩოს. მინდა დავასრულო ამერიკის პრეზიდენტის ციტატით: – 1918 წელს პრეზიდენტმა უილსონმა ჩამოაყალიბა ხედვა, თუ რა იყო მისი ძალისხმევის უზენაესი მიზანი: “ჩვენ ამ ომში რასაც მოვითხოვთ, მასში უცნაური არაფერია. ჩვენ მოვითხოვთ, რომ მსოფლიო გახდეს საცხოვრებლად ჯანსაღი და უსაფრთხო; და განსაკუთრებით უსაფრთხო თითოეული მშვიდობისმოყვარე ერისთვის, რომელსაც, როგორც ჩვენს ქვეყანას, სურს რომ საკუთარი სურვილით იცხოვროს, მართოს საკუთარი ინსტიტუტები, დარწმუნებული იყოს სამართლიანობაში და სხვა ხალხის მიმართ ეგოისტური აგრესიის და ძალის გამოყენების მაგივრად, სამართლიან მიდგომაში. მსოფლიოს ყველა ხალხი ამ ინტერესის გარშემო ერთიანდება და ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვხედავთ, რომ თუ სხვას არ მოექცევი სამართლიანად, არც შენ მოგექცევიან,” – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
აშშ-ს კონგრესში გამართული კონფერენცია “აშშ-საქართველოს პარტნიორობის” საკითხებს მიეძღვნა. კონფერენცია ატლანტიკური საბჭოს და NDI -ის ორგანიზებით გაიმართა და მას ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცეპრეზიდენტი დეიმონ ვილსონი უძღვებოდა. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ასევე სენატორი ემი კლობუჩარი.
ასევე შეგახსენებთ რომ: ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოში საქართველოს პრეზიდენტის სახელით მიღება გაიმართა და გიორგი მარგველაშვილმა NDI- ის პრეზიდენტ კენ ვოლაკს საქართველოს საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა. მიღებას ესწრებოდნენ ამერიკის ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორისა და ანალიტიკური წრეების ლიდერები. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა მიღებაზე მოწვეულ სტუმრებს, განსაკუთრებით, აშშ-ს ყოფილ სახელმწიფო მდივანს, NDI- ის თავმჯდომარეს მადლენ ოლბრაიტს, რომელიც შეხვედრას კენ ვოლაკთან ერთად ესწრებოდა.
გიორგი მარგველაშვილმა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ NDI – ში მუშაობისას ურთიერთობდა ისეთ ადამიანებთან, რომლებიც იზიარებდნენ საერთო ღირებულებებს და ამ ღირებულებების გაზიარება იყო მათი მოწოდება და არა მხოლოდ საქმიანობა.
“მადლობა იმ შანსისა და შესაძლებლობისათვის, რომელიც მომეცა ამ ინსტიტუტში მუშაობისას. მიზანი – აგვეშენებინა უკეთესი საქართველო, ქვეყანა, რომელიც დინამიურად და უკეთესად ვითარდება. აქ ვისწავლე რამდენად ეფექტიანია დემოკრატია, დეტალები, როგორ ხორციელდება ის რეალობაში. ამან გახადა საქართველო უფრო სტაბილური”,- აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, დემოკრატიულ ქვეყანას და საზოგადოებას უფრო ძლიერად შეუძლია გაუძლოს უსაფრთხოების გამოწვევების.
“აშშ-ში ჩამოსვლისას ჩემი განცდა არის შვება, რომ გავუზიარო საქართველოს პარტნიორებს ჩვენი ხედვები და დავსახო სტრატეგიები ჩვენს მოკავშირეებთან ერთად. ჩვენ არ გვჭირდება ვიღაცის დარწმუნება, ჩვენ განვიხილავთ საკითხებს და ამერიკის ადმინისტრაციასთან ვსაუბრობთ იმ ტაქტიკაზე, როგორ მივაღწიოთ მიზნებს”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა მიღებაზე.
პრეზიდენტმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა NDI- ის პრეზიდენტს კენ ვოლაკს გაწეული სამსახურისათვის, საქართველოს საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა და აღნიშნა, რომ ეს სტატუსი, სიცოცხლის ბოლომდე, ქართველი ერის ერთგულებას გულისხმობს.
NDI- ის თავმჯდომარემ მადლენ ოლბრაიტმა მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს სწრაფვას ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მიმართულებით და აღნიშნა, რომ ტრანსატლანტიკური საზოგადოება, კიდევ უფრო გაძლიერდება და განახლდება თუ მიიღებს ისეთ ახალგაზრდა, განვითარებად და ძლიერ დემოკრატიებს როგორიც საქართველოა. მადლენ ოლბრაიტი მიესალმება საქართველოს ძალისხმევას განავითაროს და გააძლიეროს ღია მმართველობა.
“ჩვენი საერთო მიზანია, მოვახდინოთ დემოკრატიისა და მომავალი კეთილდღეობისადმი ქართველი ხალხის მისწრაფებების რეალიზება. ქართველმა ხალხმა ნათლად დააფიქსირა ევროპული მისწრაფებებისადმი საკუთარი პოზიცია როგორც წინა, ასევე ახალი ხელისუფლების მოსვლისას და უდავოა, რომ საქართველო ევროპის ნაწილია”, – აღნიშნა მადლენ ოლბრაიტმა.