საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხორცპროდუქტების საწარმო „ლიდერფუდმა“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით აამოქმედა, რისთვისაც 22 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა და ხუთასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა. „ეს არის 5600 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის შენობა, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, აქ დასაქმებულია 550 ადამიანი და უშვებს სწორედ უმაღლესი ხარისხის პროდუქციას. პროექტს თანადაფინანსებაში ჰყავს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ და სწორედ ერთობლივი ძალებითაა აშენებული ეს საწარმო და ინვესტირებული ეს თანხები“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. შპს „ლიდერფუდი“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური კომპონენტით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადაფინანსება, რომლის ოდენობაც ნახევარ მილიონ ლარს აღემატება, ეკონომიკის სამინისტროს სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელა.
სამეწარმეო სექტორი, განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოები, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ეკონომიკის განვითარებაში და საგრძნობი წვლილი შეაქვთ მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფაში. მცირე და საშუალო საწარმოები, დასაქმების ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნის პოტენციალით, ასევე, ეკონომიკის განვითარებასა და ზრდაში შეტანილი წვლილის გათვალისწინებით, ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის ქვაკუთხედად შეიძლება მივიჩნიოთ. ძლიერი და კარგად განვითარებული მცირე და საშუალო მეწარმეობის სექტორი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ექსპორტს, ინოვაციებს, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის შექმნას, და ამავე დროს, განსაკუთრებულ როლს ასრულებს ქვეყნის კეთილდღეობის დონის ამაღლებაში. ბოლო წლების განმავლობაში, საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა, მათ შორის, ეკონომიკური რეფორმები, რომელთა მთავარი მიზანი იყო ბიზნესის კეთების და პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, ეკონომიკის ლიბერალიზაციის, ადმინისტრაციული ბარიერებისა და საგადასახადო ტვირთის შემცირების, სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესების, კორუფციასთან ბრძოლისა და სხვა გზებით. ზოგადი ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიუხედავად, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების თვალსაზრისით, საქართველოში იგივე გამოწვევები დგას, რაც მრავალ განვითარებად ქვეყანაში.
თანამედროვე საწარმო აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური საწარმოო დანადგარებით რომლის საშუალებით, კომპანია ევროპული სტანდარტების სრული დაცვით აწარმოებს პროდუქციას. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ახალ საწარმოში გადასვლის შემდეგ დაიწყო სურსათის უვნებლობის, მენეჯმენტის სისტემების შემუშავება და დანერგვა, რაც გულისხმობს საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების, კერძოდ: FSSC 22000:2005 მიღებას, რომელიც აერთიანებს ISO 22000, ISO 22002.1, ISO9001 სერტიფიკატებს. კომპანია, გაზრდილი საწარმოო შესაძლებლობიდან გამომდინარე, გეგმავს გაზარდოს ადგილობრივი, ქართული ხორცის წილი წარმოებაში, რაც ქართველი ფერმერების საქმიანობის განვითარებასაც შეუწყობს ხელს. 2014 წლის ივნისიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებენ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილ ახალ სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“, რომლის მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა, ამასთანავე კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდა შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში ხდება ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გამარტივება, უძრავი ქონებით უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურების გაწევა.